საქართველოს რეგიონებში „ფონდი ნატახტარის“ საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა

04.08.16

Image

26 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით „ფონდი ნატახტარის“ ინიციატივით „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში“ საინფორმაციო-საანგარიშო შეხვედრები გაიმართა. კომპანია „ნატახტარისა“ და „ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველოს“ წარმომადგენლები 8 ქალაქში (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, მარნეული, თელავი, გორი, ახალციხე და რუსთავი) შეხვდნენ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რეგიონების მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების სოციალური სამსახურების თანამშრომლებს, მცირე საოჯახო ტიპის სახლების მენეჯერებს, დამსაქმებლებს, თავად ფონდის ბენეფიციარებს და მედიას.

„ფონდმა ნატახტარმა სტუმრებს მზრუნველობამოკლებული მოზარდების პროფესიული მომზადების, განათლებისა და დასაქმების კუთხით გაწეული საქმიანობის ხუთწლიანი დეტალური ანგარიში წარუდგინა.

„შეხვედრები ატარებდა დისკუსიის ხასიათს. სტუმრებს ვაცნობეთ, რომ 4 წლის განმავლობაში ფონდში, საზოგადოების ჩათულობით შეგროვდა 587 857 ლარი, დავეხმარეთ 247 მოზარდს. აღსანიშნავია, რომ ფონდი ზრუნავს საქართველოს მასშტაბით ყველა მოზარდზე რომელიც 15 წლის არის და ცხოვრობს მცირე საოჯახოტიპის სახლში. ჩვენ მოზარდებს ვამზადებთ პროფესიულად, რომ პირველ რიგში მათ სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის შემდეგ შეძლონ მუშაობის დაწყება - დამოუკიდებლად ცხოვრება.

მოზარდების დამოუკიდებლობისთვის მომზადება ხანგრძლივი პროცესია. თავიდან ფსიქოლოგის დახმარებით განისაზღვრება მისი სურვილები და შესაძლებლობები. შემდეგ იწყება მზადება ამ პროფესიის დაუფლებისთვის. უმეტესწილად, მოზარდი ჯერ ემზადება კოლეჯში და შემდეგ ანაზღაურებად სტაჟირებას გადის ხელობის მცოდნე საუკეთესო სპეციალისტთან რეგიონში. ამ გზით მოზარდის დასაქმების ალბათობა იზრდება. ხშირია შემთხვევები როდესაც მოზარდი რამდენიმე ხელობას მოცდის ვიდრე აირჩევს მისთვის ყველაზე მისაღებ პროფესიას.“ - აღნიშნავს „ფონდი ნატახტარის“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ომარაშვილი.

„„ფონდი ნატახტარის“ არსებობის მეხუთე წელს უკვე გვაქვს წარმატების უამრავი ისტორია. გვყავს მარიამი, რომელმაც კულინარია შეისწავლა „მერმისში“. გვყავს გელა, რომელიც „ნატახტარში“ მიწოდების ჯაჭვის დეპარტამენტში მუშაობს. დანიელი, რომელმაც ბათუმში, კერამიკის საამქროში შეისწავლა მინანქარზე და კერამიკაზე მუშაობა, ახლა კი ავეჯის აწყობის ტექნოლოგიას ეუფლება. საერთო ჯამში ფონდის 120 ბენეფიციარი დასაქმებულია.

საინტერესოა, რომ „ფონდი ნატახტარისა“ და „მაკლარენის ფონდის“ დახმარებით, ქალაქ რუსთავში, გაიხსნა სოციალური სამრეცხაო, სადაც დასაქმებულია ფონდის 2 ბენეფიციარი.

ეს საამაყო შედეგები საზოგადოების აქტიური ჩართულობის დამსახურებაა. წელს თანხის შეგროვების მეხუთე ტალღა, 17 მაისს დაიწყო და 17 აგვისტოს დასრულდება. გაყიდული ლიმონათის რაოდენობა პირდაპირ აისახება ფონდში შეგროვებულ თანხაზე და შესაბამისად იმაზე თუ რამდენი მზრუნველობამოკლებული მოზარდის დახმარების საშუალება ექნება ფონდს, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურად ინფორმირება ფონდის მიღწევების და ბენეფიციართა საჭიროებების შესახებ. - აღნიშნავს კომპანია „ნატახტარის“ პიარისა და ციფრული მარკეტინგის მენეჯერი ნინო სურმავა.