ისტორია

ლუდის ისტორია

ლუდის დამზადების პიონერებად შუმერები, სირიელები, ასურელები, ეგვიპტელები და ბაბილონელები ითვლებიან.

საქართველოს არქეოლოგიურ მასალებში დადასტურებულია პურეული კულტურის ნაშთები, რომლებიც VII-VI ათასწლეულით თარიღდებიან. მიწათმოქმედების აღმოცენება-განვითარების შვიდი დიდი კერიდან მეცნიერები უძველეს ცენტრად მიიჩნევენ წინა აზიას საქართველოს ჩათვლით. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე: ამირანისა და არუხლოს გორებზე, ურბნისში და შულავერში ენეოლითური ხანის ნასახლარებში აღმოჩნდა ალიზის სამეურნეო ნაგებობანი, ხორბლეულის შესანახი ორმოებით და მიწის დასამუშავებელი იარაღებით, რაც იმის მაუწყებელია, რომ აქ მცხოვრებნი უძველესი ქართველური მოდგმის ტომები დაახლოებით ცხრაათასი წლის წინ იცნობდნენ ხორბლის კულტურას და მისი მოყვანა-შენახვის ხერხებს. პურეული კულტურის ამაზე უფრო ხნიერი სამურნეო ცენტრი მსოფლიო მეცნიერებამ არ იცის. 

ეს ყველაფერი იმის მაუწყებელია, რომ პურეული კულტურის მფლობელი ხალხი, სხვებთან შედარებით, უფრო ახლოს დგას ლუდის წარმოების პრეისტორიასთან.
 
არსებობს ცნობები კავკასიის ხალხებში უძველესი დროიდან ლუდის მოხმარების შესახებ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ კოლხები ლუდის დამზადების საიდუმლოს ჯერ კიდევ არგონავტების მოგზაურობის დროს ფლობდნენ.

საქართველოში ლუდის, როგორც კულტურის შემოსვლა ძველი მსოფლიოს ქვეყნებიდან მოხდა, აღმოსავლური ლუდი  რომ უძველესია, ეს დღეს უკვე უეჭველია. ხოლო ამ ხალხებთან ქართველთა წინაპარი ტომების კულტურულ-სამეურნეო კავშირები არქეოლოგიური, ისტორიული, ეპიგრაფიკული და ეთნოგრაფიული მასალებით არის  გამორკვეული და დადასტურებული.

რატომ შემოინახა საქართველოს მთამ ლუდის მოხმარების ჩვევა ბოლომდე, ეს გასაგები მიზეზითაა ასახსნელი: საქართველოში, როგორც ღვინის კლასიკურ ქვეყანაში, უმთავრესი ყურადღება გადატანილი იყო ბარის მევენახეობა-მეღვინეობაზე. ამიტომ, ლუდის წარმოებამ თავიდანვე ფეხი მოიკიდა მთაში და აქ დასახლებული ხალხის ყოფაში ლუდმა უპირველესი ადგილი დაიჭირა.

საქართველოს მთაში ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული თუ საკულტო რიტუალი ლუდთან იყო დაკავშირებული და ლუდით იყო გაწმენდილ-გაპატიოსნებული, ვაჟიშვილის ძეობიდან დაწყებული მოჩხუბარ-მოშუღლეთა შერიგებით დამთავრებული…

ლიმონათის ისტორია

XVII საუკუნეში ლიმონათი ეწოდებოდა სასმელს, რომელიც მომზადებული იყო ლიმონის წვენისა და ლიმონის ნაყენისგან. სწორედ აქედან წარმოიქმნა მისი სახელწოდებაც Limonade, რაც ლიმონიზირებულს ნიშნავს.

პირველი კომპანია, რომელმაც ეს გამაგრილებელი სასმელი გაზირებული სახით გამოუშვა, იყო Schwepp & Co.  შემდეგში ამ კომპანიამ წყლის მარწყვისა და სხვადასხვა ხილის სიროფით დატკბობა დაიწყო. რამდენადაც ნატურალური სიროფი ძვირი იყო, მისი შეცვლა სხვადასხვაგვარი ესენციებით სცადეს. 1833 წელს გამოვიდა პირველი ლიმონათი, ლიმონის მჟავითა და ესენციით. მაშინ პირველად მოხდა ლიმონმჟავას გამოტანა ლიმონიდან და ლიმონათი მთელს მსოფლიოში ხილის გაზირებული სასმელის ლიდერად იქცა. ხოლო  Lemon’s Superior Sparkling Ginger Ale უალკოჰოლო სასმელების პირველი დარეგისტრირებული სავაჭრო მარკა გახდა.

მალე ლიმონათმა თავის გამაგრილებელი თვისებებისა და სასიამოვნო გემოს წყალობით ფართო გავრცელება მოიპოვა.
ლიმონათის საფუძველი კუპაჟია . ყველა ინგრედიენტის ნაზავი, რომელიც ხშირად ცივი მეთოდით მზადდება, მაგრამ არსებობს ნახევრადცხელი და ცხელი მეთოდებიც. სასმელის მომზადებისას იყენებენ შაქარს, ლიმონმჟავას და ასევე კომპოზიციას, რომელიც სხვადასხვა ესენციებისგან შედგებოდა. მაგალითად, ეგრეთ წოდებული „სიტროს“ დამზადებისას იყენებენ შაქარს, ლიმონის მჟავას, მანდარინის, ფორთოხლისა და ლიმონის ნაყენებს. ეს სასმელი ღია ყვითელი ფერისაა. გააჩნია სასიამოვნო, მაცოცხლებელი გემო და ციტრუსის ნაყოფის თავისებური არომატი.
არსებობდა ლიმონათის სხვადასხვა სახეობები.  მაგალითად,  „მღვრიე“ ლიმონათი აშშ–სა და კანადაში, ასევე, ლიმონის წვენის, გრანულირებული შაქრის, მარილის, წიწაკის და არაგაზირებული წყლის ნაზავისგან შექმნილი ლიმონათი  Nimbu Paani  პაკისტანსა და ირანში.

„შუშხუნა“ ლიმონათი განსაკუთრებით პოპულარული იყო პარიზში, ასევე გაზირებულ ლიმონათს Schweppes – ანიჭებდნენ უპირატესობას დიდ ბრიტანეთსი, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. შვეციაში კი ლიმონათს ეძახდნენ ნებისმიერ, არაალკოჰოლურ, გაზირებულ წყალს

რაც შეეხება საქართველოს, აქ ლიმონათს განსაკუთრებული ისტორია აქვს. ის ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო. ამ ტრადიციებს აგრძელებს „ნატახტარის“ ლიმონათი. რომელიც ნატურალური ხილის არომატით, განსაკუთრებული გემოთი და თვისებებით გამოირჩევა.